“არ იმოგზაუროთ უკრაინაში რუსული სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხისა და კორონავირუსის გამო”, — აფრთხილებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საკითხების ბიურო საკუთარ მოქალაქეებს.
ბიურომ განცხადება 23 იანვარს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს.
“არსებობს ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, რუსეთი გეგმავს მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. უსაფრთხოების პირობები, კონკრეტულად კი უკრაინის საზღვრების გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში, არის არაპროგნოზირებადი და შესაძლოა, გაუარესდეს. დემონსტრაციები, რომელიც ძალადობაში გადაიზრდება, რეგულარულად იმართება უკრაინის მასშტაბით, მათ შორის, კიევშიც”, — აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ბიურო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სამხედრო აგრესიას, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს საელჩოს მუშაობაზეც.
ამერიკის მოქალაქეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედება უკრაინის ნებისმიერ ნაწილში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამერიკის საელჩოს შესაძლებლობებზე, უზრუნველყოს საკონსულო მომსახურებები, მათ შორის, დახმარება გაუწიოს აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებაში.