
მთავრობამ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, - აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტს იკავებს.
ტალიაშვილი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე. იქამდე, 2017 წლიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 2018 წლიდან — ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.
2020-2022 წლებში თამარ ტალიაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო".
აშშ-ში ელჩის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პოსტი 2024 წლის დეკემბერში დავით ზალკალიანმა დატოვა.