აშშ-მა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო.
ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ს მიერ ინვესტიციების განხორციელებას და სხვა ფინანსურ საქმიანობას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. ამასთანავე, იკრძალება ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანა ან, პირიქით - ამერიკიდან რუსეთის მიერ "რესპუბლიკებად" აღიარებულ რეგიონებში ექსპორტს.
"ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში,"- განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არღვევს უკრაინის სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების" აღიარება მოხდა.