აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებენ, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის.
როგორც „ბიბისი“ წერს, ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსებს უპილოტო თვითმფრინავების მართვაში ეხმარებოდნენ.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, თეირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებით ახლა უშუალოდ ადგილზეა ჩართული.
„აშშ გამოიყენებს ყველა საშუალებას, რათა გამოაშკარავოს, შეაკავოს და დაუპირისპირდეს ირანის მიერ ამ საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამ დრომდე რუსეთმა ათობით უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო და დამატებით რაოდენობას სავარაუდოდ, მომავალშიც მიიღებს.
„ჩვენი შეშფოთება არის ის, რომ ირანი ამ ტიპის მხარდაჭერას გაუწევს რუსეთს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთმა ასევე შეიძლება მოითხოვოს ირანიდან მოწინავე კონვენციური იარაღის შეძენა. ეს მოიცავს პოტენციურ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებს, რომლებიც აუცილებლად იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევის და სხვა რეგიონების დასაბომბად გამოიყენა. თავად ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას უარყოფს.