ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღეს არსებული ინფიცირების მაჩვენებელი შაბათ-კვირას დაგროვილი ტესტების დაბალი რაოდენობით არის განპირობებული, თუმცა ეს მაჩვენებელი საყურადღებოა.
„ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირაა არ ყოფილა, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე მიუთითებს“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დღეს ამაზე საუბარი არ ყოფილა.
„დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიური სურათის ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის. დღეს შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, უნდა დავაკვირდეთ კვირის ბოლომდე, თუმცა ის ზომები, რომელიც არის პირბადის გამოყენებასთან და სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით უნდა დავიცვათ“, - თქვა თამარ გაბუნიამ.