"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაითავისებს საზოგადოება, თუ რა გვაკადრა მთავრობამ დღეს და არამარტო დღეს", - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა სულაძემ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" გუმათში "ენკას" ბაზასთან, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე დაპირისპირებისას პოლიციის მიერ 6 პირის დაკავებაზე საუბრისას განუცხადა.
"ძალიან ბევრ ადამიანს ნახავენ აქ გაბრაზებულს, იმიტომ რომ ასეთი ბარიერები აფხაზეთის და სამაჩაბლოს ე.წ. საზღვარზეც ოკუპანტებსაც კი არ აუღმართავთ. როგორც იცით, 6 უდანაშაულო ბიჭი დააკავეს წუხელ, წუხანდელი მოვლენების მერე ღამე მანქანებში ვიყავით და რომ გავიღვიძეთ, რკინის კედლები დაგვახვედრეს. აქვე ვართ და ველოდებით. ვიდეოები გვაქვს სადაც ჩანს რომ ცემეს ბიჭები. რას უნდა ველოდოთ და დავემორჩილოთ? 99 წელი მშვიდად ვუყუროთ ამ ბარიერს?", - აცხადებს სააგენტოსთან საუბრისას მაკა სულაძე.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს ინფორმაციით, გუმათში "ენკას" ბაზასთან, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე დაპირისპირებისას 6 პირია დაკავებული. არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.