„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გადასხმების პარალელურად გარკვეული სახის საკვებიც მიიღო. ამასთანავე, კობახიძემ თავი შეიკავა იმის დაკონკრეტებისგან, რა სახის საკვებზე იყო საუბარი და აღნიშნა, რომ თაფლის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა, დანარჩენ „ყურმოკრულ ინფორმაციაზე“ კი მას საუბარი არ სურს.
„რაც შეეხება შიმშილობას, როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა, მაგალითად არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც "კლოუნადის" დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ.
თაფლის მიღებაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე, ბუნებრივია, ყურმოკვრით გაგონილი ინფორმაციების შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ. თუ ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის სამინისტრო განცხადების გაკეთებას, ისინი ამაზე განცხადებას გააკეთებენ“, - განაცხადა კობახიძემ.