"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყავდეთ, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ეს კომენტარი გააკეთა მან ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე და ჟურნალისტს ჰკითხა ვის სთხოვდა პასუხისმგებლობას:
"ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - თქვა ამილახვარმა.
მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. განცხადება ცოტა ხნის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა. კლინიკებში გადაყვანილია კიდევ ორი დაშავებული.