"ბევრი კითხულობს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასოდეს", - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ „დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესიულ დონეზე და მშვიდობიანად ჩაატარეს“.
„სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით გაძლიერდა. დაცულია საზღვარი, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობა.
ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე. თუმცა, სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია.
ბევრი კითხულობს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასოდეს, იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.