სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. განცხადებას წინ უძღოდა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ოთხიდან სამი პარტიის [გარდა „გახარია საქართველოს“] პრეზიდენტთან, პოდიუმის გვერდზე იდგნენ – პირდაპირი ეთერის მიხედვით.
მისი თქმით, მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება.
„მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გამოვუცხადო ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენ იყავით ძალიან ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არავის აქვს უფლება, რომ წაგვართვას ეს ევროპული მომავალი. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ძლაიან უთანასწორო პირობებში იბრძოდნენ კომისიებში, იმისთვის, რომ დაეცვათ თქვენი ხმა. მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც კიდევ უარეს პირობებში იბრძოდნენ, რომ ყველა დარღვევა ყოფილიყო მაქსიმალურად დაფიქსირებული.
იმდენი დარღვევა იყო, ისეთი სხვადასხვა ფორმის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ყველაფრის აღბეჭდვა.
ჩვენ დავესწარით ძალიან უჩველო რამეს. ეს იყო ტოტალური გაყალბება. თქვენი ხმების ტოტალური წართმევა. ყველა იმ ხერხის გამოყენება, რაც გვინახავს და დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ მისი გამოყენება მოხდა გაყალბების გასათეთრებლად. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, შეიძლება ითქვას. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე და ქვეყანაზე“, – თქვა პრეზიდენტმა.
„არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს იგივეა, რაც რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას არ შევეგუებით. არ შეიძლება, ვინმემ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი. რადგან არ ვარ ერთი ადამიანი – მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას. მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და რუსეთს, მის ამ ფორმით საქართველოში შემოსვლას, ახალი ფორმით დაპყრობას. დავდგებით ერთად.
მინდა ხვალ საღამოს, 7 საათზე, მოგიწვიოთ რუსთაველზე – რომ გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.