არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაში მონაწილეობაც მიმიღია და როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერი კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებ,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციისას განაცხადა.
გახარიას თქმით, მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ქვეყნისა და სახელმწიფოს მსახურება. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სრულად აცნობიერებს პასუხისმგბელობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მისცა „გაქცევის“ საშუალება.
„მე დღეს აქ ვდგავარ თქვენს წინაშე სრული აღქმით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეც მაკისრია ამ რეალობის შექმნაში. რა თქმა უნდა, მე ვარ ნაწილი იმ წარმატებისა და იმ წარუმატებლობის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ აქ, სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მომცა შესაძლებლობა, გავქცეულიყავი, სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის, რამაც მომცა იმის ძალა, რომ ვმდგარიყავი თქვენთან ერთად და მეთქვა - გავერთიანდეთ საქართველოსთვის! ამასთან ერთად, მინდა დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია და როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერი კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები - ქვეყნისა და სახელმწიფოს მსახურება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.