ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ის დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ელოდება 6 თვე, როდესაც ქართველმა ხალხმა უნდა შეცვალოს ხელისუფლება და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.
„ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა და მივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი იყოს ევროპული ოჯახის წევრი, რომ საქართველომ შეასრულა მათი მთავარი გზავნილი - საქართველო ოლიგარქის გარეშე.
როდესაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ის დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ის კარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში, ხალხში და დღეს ლეგიტიმაცია არის აქ. დღეს არის უპრეცედენტო ერთიანობის დრო. დღეს უნდა გავერთიანდეთ ადამიანები, რომელთაც გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენები პოლიტიკურ პარტიებზე, პრეფერენციებზე ამა თუ იმ საკითხებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ფრუსტრაცია, საკუთარი თავის არ რწმენა - უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ და რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში აუცილებელია „ორგანიზებული და თანმიმდევრული ქუჩის პროტესტი“.
„ძვირფასებო, პროტესტი უნდა იყოს ორგანიზებული, თანმიმდევრული და ის უნდა გაიშალოს. ჩვენ დაველოდებით 24 რიცხვს, როდესაც საბოლოო ვერდიქტი იქნება. პროტესტის ორგანიზატორები და ლიდერები ასევე მუშაობენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველასთან, სადაც საჭიროა ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს - ის ჩვენი გასაკეთებელია. მომდევნო 6 თვე იქნება უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი და იქნება ბრძოლის 6 თვე იმისა, რომ ჩვენ გვეკუთვნის ევროპული ოჯახი.
დიახ, ოლიგარქი არის ძლიერი, მას აქვს ბევრი ფული, ის აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და მათ ჰგონიათ, რომ ეს შეუცვლელია, მაგრამ ყველა ოლიგარქი და ავტოკრატი ასე ფიქრობდა. ასე ფიქრობდნენ დიქტატორები და ავტოკრატები მუბარაკიდან დაწყებული კადაფით დამთავრებული, მაგრამ ხალხის წინაშე ყველა უძლურია, რადგან ხალხის ხმა და რაოდენობა არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. ათვლა დაწყებულია კვირებით და ყოველ კვირა მთავარი იქნება ქუჩის დაუღალავი, შეუპოვარი, ორგანიზებული პროტესტი. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.