ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ამერიკული კომპანიის „Big Sky Ranch Inc” ორგანიზებით, საქართველოს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown) სტუმრობდა.
ლისა პეროტი-ბრაუნი ქართული ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ეწვია, სადაც ადგილზე დააგემოვნა მრავალფეროვანი ქართული ღვინოები, გაეცნო ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს.
ღვინის მაგისტრმა თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე 50-მდე ღვინის კომპანიის 100-ზე მეტი ღვინო დააგემოვნა და შეაფასა.
ლისა პეროტი-ბრაუნი ვიზიტის შემდეგ, სტატიებს ქართულ ღვინოებზე ამერიკული გამომცემლობისთვის „The Wine Palate“ მოამზადებს. ონლაინ გამოცემა „The Wine Palate“ (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან, განახლებადი მიმოხილვებით.
ლისა პეროტი-ბრაუნი, ძირითადად, ამერიკულ და ბორდოს ღვინოებს, ასევე, შამპანურს მიმოიხილავს, რასაც გასულ წელს ქართული ღვინოებიც დაემატა.
ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი ღვინის ინდუსტრიაში 25 წელზე მეტია მოღვაწეობს და ამერიკის ღვინის ინდუსტრიაში 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანიდან 47-ე ადგილზეა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 750 ათასამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის რაოდენობას 3%-ით აღემატება.