წითელი ჯვარი ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობას უმძიმესად აფასებს. ქალაქში ორგანიზაციის დელეგაციის ხელმძღვანელი საშა ვოლკოვი ამბობს, რომ საკვების და წყლის მარაგები ძალიან მცირეა. ამის შესახებ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვოლკოვი აუდიომესიჯში განმარტავს, რომ ოჯახებს აღარ აქვთ პროდუქტი და არ შეუძლიათ ბავშვების გამოკვება. ზოგან კი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ადამიანები საჭმლის მოსაპოვებლად ერთმანეთს თავს ესხმიან.
მისივე თქმით, მარიუპოლში გაჩნდა ბოსტნეულის "შავი ბაზარი", თუმცა იქ ხორცის, ან სხვა მსგავსი პროდუქტის შეძენა შეუძლებელია. ასევე, იწურება მედიკამენტების მარაგიც.
"ბევრი ჩვენგანი ავად არის, რადგან აქ სიცივე და მაღალი ტენიანობაა," - ამბობს ვოლკოვი.