დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საკითხი აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მუშავდება ორი ვერსია.
"აქტიურად განიხილება და მალე ნახავთ, იქნება გადაწყვეტილებები 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით. აქტიურად განიხილება ორი ვერსიაა და იმის მიხედვით, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო სამინისტროს რეკომენდაციას მისცემს, ვფიქრობ, საკმაოდ მალე იქნება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამეცნიერო საბჭოში წარმოდგენილია, ისევე როგორც იმუნიზაციის საბჭოში და იქ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას.
ორი მიდგომაა - ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არის საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა - ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ამ ტემპებით გაგრძელდა ვაქცინაცია წლის ბოლომდე 60 პროცენტის აცრა გაჭირდება.
„ამ ტემპებით თუ გავაგრძელებთ - დღეში 12 000 აცრილი, წლის ბოლო 60%-ის მიღწევა გაგვიჭირდება, მაგრამ თუ ავედით დღეში 18-20 ათასამდე, შევასრულებთ, თუმცა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა “, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.