რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ვითარების დასამშვიდებლად ინიციატივებზე მოთხოვნა დასავლეთში შემცირდა, მაგრამ ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს და დადგება მოლაპარაკებების ჯერი, რომლის გამართვამდე კიევს მოუწევს „რუსეთის პირობების გაგება“.
„ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ დადგება მოლაპარაკების ჯერი, მანამდე კი უკრაინელებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ გაიგონ ჩვენი ყველა პირობა, მათ ძალიან კარგად იცნობენ. დაეთანხმონ მათ. მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და უბრალოდ დააფიქსირონ ის დოკუმენტი, რომელიც ბევრ რამეში უკვე შეთანხმებულია“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, დასავლეთი ფსონს დებს კონფლიქტის გაგრძელებაზე და უკრაინას არ აძლევს საშუალებას, იფიქროს და ისაუბროს მშვიდობაზე.
„ახლა არის მომენტი, როდესაც დასავლეთის ქვეყნები ფსონს დებენ ომის გაგრძელებაზე. ეს ნიშნავს, რომ გრძელდება მომენტი, როდესაც დასავლეთის ქვეყნები, ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, უკრაინელებს არ აძლევენ მშვიდობაზე არც ფიქრის და არც განხილვის უფლებას“, – აცხადებს პესკოვი.