თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის დრევანდელ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და დეპუტატს აკრიტიკებს.
"არ მიყვარს ხოლმე საყოველთაო გმობაში ჩართვა მაგრამ ამას ვერ გავატარებ “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, თუ არ ჩავთვლით სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილ ქართველებს, თუ არ ჩავთვლით გაბულდოზერებულ ქართულ სოფლებს, თუ არ ჩავთვლით საკუთარ სამშობლოში ნაწამებ არჩილ ტატუნაშვილს და გიგა ოთხოზორიას, ათასობით მისნაირად ტვინმოწამლულ ქართველს რომელსაც შეუძლია თქვას “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, აღარაფერს ვამბობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკურ წმენდაზე, მისნაირი რეგვენების წყალობით, მორიგი ოკუპაციის და ომის შანტაჟის ქვეშ ქვეყნის განვითარების პარალიზებაზე ….
თუმცა ალბათ არც ოჯახში ეცალათ პატარა რომ იყო აეხსნათ, სავარაუდოდ მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებით იყვნენ დაკავებული რაც პროკურატურაში არსებული საქმეებით ჩანს და ასე გაიზარდა.
აქამდე მეგონა უბრალოდ #1 ბრიყვად ყავდათ დანიშნული, სასაცილო თოჯინად." – წერს ხიდაშელი.
ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის კომენტარმა, მედიაში და საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია, კერძოდ,დროების ჟურნალისტის კითხვას, ახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატებმა, ვიგინდარა, სამარცხვინო არსება პუტინის მისამართით თქვეს, ასე პასუხობს:
“მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება” – თქვა წილოსანმა.