ზურაბიშვილმა ასევე ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზის მშენებლობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს სერიოზული პრობლემაა.
„ოჩამჩირის ბაზაზე პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ეს პრობლემაა არამხოლოდ ჩვენთვის, ეს პრობლემაა მთელი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ამ ზოლისთვის. ჩვენ სხვა პირობებში რომ ვიყოთ, ეს მთავრობა ნამდვილად პატრიოტული რომ იყოს და ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ჩვენ ნატო-ს სამიტის ფარგლებში რომელიმე შეხვედრაზე უნდა ვყოფილიყავით, რომელიც სწორედ შავი ზღვის საკითხებზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იქნებოდა, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. დღეს დასავლეთს თუ ვაინტერესებთ, ვაინტერესებთ არამხოლოდ კავკასიის გამო, არამედ შავი ზღვის გამოც, ეს არის ჩვენი კოზირიც და ჩვენი სისუსტეც, თუკი, ჩვენ არაფერ რეაგირებას არ მოვახდენთ. რაც შეეხება აფხაზეთს, ვიტყოდი, რომ შეიძლება გავლენა გაზრდილია, ასევე გაზრდილია თვითშეგნება აფხაზებს შორის, რომ რაღაც ისე არ ხდება და ის მოლოდინი, რაც რუსეთის მიმართ არსებობდა, არ გამართლდა და მობილიზაცია, თუ მიწების შესყიდვა არ არის პოპულარული თემები, მაგრამ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. ჩვენ შეგვეძლო ძალიან მარტივად ერთი ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც ჩვენი კონფლიქტოლოგები ითხოვდნენ, მაშინდელ პრემიერს მეც მივმართე და ვუთხარი, ეს გავაკეთოთ, რომ მიგვეცა ჩვენი მოქალაქეობა ყველასთვის, ვინც 1991 წლის რეფერენდუმის დროს, აფხაზეთში ცხოვრობდნენ და მათთვის ავტომატურად და ძალიან გამარტივებულად მიგვენიჭა მოქალაქეობა, რადგან ეს მოთხოვნა არსებობს, არსებობს ასევე ცხინვალში, იმის მერე, რაც რუსული პასპორტი ერთგვარად უმოქმედო გახდა, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, მიზიდულობა სწავლისთვის, ჯანდაცვისთვის, მაგრამ კიდევ უფრო ევროპის მიმზიდველობა გაიზარდა, ჩვენ გვქონდა იარაღი ანტირუსული პასპორტიზაციის და არ ვხმარობთ, არანაირი რეაგირება არაა ამ თემაზე, რაც ძალიან მარტივია, ჩვენი გადასაწყვეტია, არც კონფრონტაციულია და არც არაფერი, წყნარად, მშვიდად შეგვეძლო ამის გაკეთება. გარდა იმისა, რომ არაფერს ვაკეთებთ, კიდევ უფრო აღმაშფოთებელია პრემიერის სიტყვები ბოლო პერიოდში, თურმე, ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის მოცემულობა, მე ასეთი განცხადება ქართულ პოლიტიკაში, ამდენი წლის მანძილზე არასდროს გამიგია და მიკვირს, რომ ამას მეტი რეაგირება არ მოჰყვა. რა უფლება აქვს ქვეყნის პრემიერს, რომ თქვას, ეს სიტუაცია არის მოცემულობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.