
“საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გუშინ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმის კონცეფციას ეხმაურება. როგორც პოლიტიკოსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, „სამ გვერდზე გამოქვეყნებულ "განათლების რეფორმის" კონცეფციას არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან და გაუმჯობესებასთან“.
„- ჯამური სწავლების პერიოდს მაგისტრატურის ჩათვლით ამცირებენ 3 წლით. ანუ, 6 წლის ბავშვი რომ შევა სკოლაში, 21 წლის იქნება უკვე მაგისტრი.
- საბაკალავრო თან სამი წელი უნდა იყოს, თან ქართული უნდა ასწავლონ, თან ენები. დათვალეთ 180 კრედიტიდან რამდენი დარჩება რეალურ საგნებზე. თუ საბაკალავრო ნაშრომსაც წერ - ყველაზე მინიმალური საგნები დარჩება გასავლელი.
- რეალურად სტუდენტებს აშორებენ თბილისს. ეტყობა ახალგაზრდების პროტესტი არ მოსწონთ და უნდათ, რომ რეგიონებში გაყარონ სტუდენტები.
- როგორც ჩანს, ერთი ამოცანაა ფულის დაზოგვა. გაუჭირდათ ეტყობა განათლების დაფინანსება. ბიუჯეტის 25%-ს დაზოგავენ.
- ითქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ 30 ათასი უნივერსიტეტდამთავრებული უფრო მალე შეუერთდება სამუშაო ბაზარსო. ეს არის უზედაპირულესი განცხადება. თუ ბაზარი ითხოვს მუშახელს, ეგ 30 ათასი კურსდამთავრებული ისედაც არსებობს. არაა საჭირო უნივერსიტეტიდან დროზე ადრე გამოგდება, რომ სამუშაო ადგილები შეავსო.
- როგორც ჩანს, აქცენტი იქნება პროფესიულ განათლებაზე. ოღონდ, მიუხედავად იმისა, რომ ეგ კარგი იდეაა, როგორ აიძულებ ადამიანებს, რომ პროფ-ში ჩააბარონ, სრულიად გაუგებარია. უბრალოდ უნივერსიტეტებში დახურავ მისაღებ ადგილებს და სხვა გზას არ მისცემ? ეგ ნიშნავს, რომ წირავ ამ ახალგაზრდებს ისეთ საქმიანობაზე, რაც არ უნდათ.
- ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს გაუყიდიან ქონებას. ალბათ, ვაკეში არსებულ კორპუსებს დაერევიან. პირველ და მეორე კორპუსებს არ შეეხებიან, სავარაუდოდ, მაგრამ მეოთხე, მეექვსე, მეცხრე, ილიაუნის კორპუსები და ა.შ. გაიყიდება. მაგ ფულით აპირებენ სადღაც ქალაქგარეთ კორპუსების აშენებას და იქ სტუდენტების "წასხმას."
- რაც მთავარია, დაასამარებენ კონკურენციას უმაღლესი განათლების სფეროში. თუ რამე ზრდის ხარისხს არის კონკურენცია სხვა უნივერსიტეტებთან. თუ ქალაქში ერთი ფაკულტეტი დარჩება - კონკურენცია არ იქნება.
- ოღონდ ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ კერძო უნივერსიტეტებსაც დაერევიან. როგორც ჩანს, საქართველოს უნივერსიტეტი იქნება პირველი. სხვებიც მიყვებიან. შეუძლებელია დეკონცენტრირებულმა ფაკულტეტებმა იმუშაოს, თუ კერძოები აგრძელებენ ისევე მუშაობას, როგორც აქამდე. უბრალოდ საუკეთესო სტუდენტები კერძოებში წავლენ და მაშინ მთელ ამ "რეფორმას" აზრი ეკარგება.
- რა თქმა უნდა, დაერევიან მიუღებელი, განსხვავებული აზრის მქონე პროფესორებს და ლექტორებს. ესაა ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. მათ ჩანაცვლებასაც შეძლებენ. ხარისხი თუ გაუარესდება, აი დარდი. პოლიტიკური ამოცანა აქვს რეჟიმს და ასრულებს ნებისმიერ ფასად.
- განათლების სისტემას ამგვარად ძალიან დააშორებენ ბოლონიის პრინციპებს. 11-კლასიანი სკოლა არ ჯდება ბოლონიის კონცეფციაში. პირველი კურსიდან სტუდენტები ვეღარ წავლენ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად. ამაშიც პლუსი აქვთ ნანახი - აქ დატოვებენ ბავშვებს, რომ აქაური იდეოლოგიზებული სწავლების მსხვერპლი გახადონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამასთან, გარეთ წასული სტუდენტებისთვის აქედან გასული გადასახადებიც დაეზოგებათ და ქვეყანაში დარჩება. როცა ფული შემოაკლდათ, ამ ზომაზეც მიდიან.
- ყველა ის არგუმენტი, რომ მეთორმეტე კლასში მაინც არაფერს აკეთებენ ბავშვებიო, უბრალოდ რეალობას აცდენილია. მასე, არც მეთერთმეტე კლასში გააკეთებენ არაფერს. ყველა ბოლო წელი ეგეთია ქართულ რეალობაში. მაგას სხვა პრობლემა აქვს სათავეში, რომელი სხვა განხილვის საგანია.
- ჯამში მიიღებენ ძალიან არეულ, პოლიტიზებულ, კონკურენციამოკლულ უმაღლეს განათლებას. რა თქმა უნდა, ავტორიტარულ ხელისუფლებას ასეთი განათლების სისტემა ყველაზე მეტად აწყობს.
პ.ს. ის ხედვა, რომ ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი პროფესორი, სამი ასოცირებული და ათი ასისტენტ პროფესორი, იმდენად არასწორი და რეალობას აცდენილია, რომ სერიოზული კომენტირება შეუძლებელია“, - წერს სერგი კაპანაძე.
ცნობისათვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.