საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა,
როგორც ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლება მხოლოდ იმ ქალაქში თუ სოფელში დაიწყება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება.
„როგორც იცით, სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღები არ იმუშავებენ 4 ოქტომბრამდე. შემდეგ 4 ოქტომბერს რასაკვირველია, ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებს და უმაღლეს სასწავლებლებებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში. სკოლებთან დაკავშირებით მინდა, დავაკონკრეტო, რომ 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, იქ სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში, შესაბამისად აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.