
დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად ამოქმედდა. საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში.
"შეხვედრაზე განიმარტა, რომ პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი სასანია და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე - ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები", - იტყობინება ჯანდაცვის უწყება.