საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 28 და 29 ოქტომბერს „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ღონისძიება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეას გასაყიდი მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
„ყვავილების გამოფენაზე“ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“, ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.