
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა ინდოეთში, დელიში უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ქათაბ მინარი“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქათაბ მინარი არის 73 მეტრის სიმაღლის, წითელი აგურით აშენებული კოშკი დელიში, აგებული 1193 წელს ქუთბ-უდ-დინ აიბაქის მიერ.
ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის მინარეთი და იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა სტამბოლში 15 ივლისის მოწამეთა ხიდი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ბაქოს ოლიმპიური სტადიონიც.
ამასთან, ქ. ანკარაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ.ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების TOBB შენობა.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა აგრეთვე კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიის მუნიციპალიტეტის ძველი მერიის შენობის ფასადი. ასევე, საქართველოს დროშის ფერებშია განათებული ცნობილი არქიტექტორის, ZAHA HADIDI-ს მიერ დაპროექტებული ცენტრალური პარკი (Elevtherias Square).
საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით განათდა სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლოს კოშკი.
