შესაბამისი რეგულაციებით დადგენილი გადახდის ვადების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„2023 წლის იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი სახელმწიფომ 524 მილიონი ლარით დააფინანსა.
შესაბამისი რეგულაციებით დადგენილი გადახდის ვადების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 73 სამუშაო დღით.
შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული, იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე დამუშავებულია და კლინიკები მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული. ასევე, ავანსის სახით, გაცემულია მარტის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების თანხა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.