კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1.115 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 39.1 ათასი აბონენტით მეტია. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა – 3.6%-ით, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა 4%-ით არის გაზრდილი.
„ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აბონენტების რაოდენობის წლიური ზრდის საშუალო ტემპმა ფიზიკური აბონენტებისთვის – 4.3%, ხოლო იურიდიული პირი აბონენტებისთვის 4.6% შეადგინა.
საგულისხმოა, რომ 2023 წელს ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1.061 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 37.1 ათასი აბონენტით მეტია. შესაბამისად, გაიზარდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების აბონენტების სიმკვრივე შინამეურნეობებშიც, რაც 2022 წელთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა და 95.7%-ს გაუტოლდა.
კომპანიების მიხედვით, 2023 წელს ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი წილი კვლავ „მაგთიკომზე“ მოდიოდა და 508 ათასს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.7 ათასი აბონენტით მეტი იყო. „სილქნეტის“ შემთხვევაში კი, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს, 14.3 ათასით, აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა და 322 ათასი შეადგინა. „ახალი ქსელების ჯგუფს“ 2022-თან შედარებით 4 ათასი აბონენტით მეტი ჰყავდა და 2023-ში 64 ათასს შეადგენდა. „სქაიტელისთვის“ კი აბონენტების რაოდენობა 3 ათასით გაიზარდა და 58 ათასს გაუტოლდა.
რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის იურიდიული პირი აბონენტების განაწილებას კომპანიების მიხედვით, ამ შემთხვევაში აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 23 ათასი „სილქნეტს“ ჰყავდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 ათასით არის გაზრდილი. ათასი აბონენტით გაიზარდა „მაგთიკომის“ იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა და 16 ათასი შეადგინა. ხოლო რაც შეეხება „სქაიტელსა“ და „ახალი ქსელების ჯგუფს“, მათთვის აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა და როგორც 2022, ისე 2023 წლებში 6 ათასსა და 3 ათასს შეადგენდა.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა ზრდას განაგრძობს და მისი წლიური ზრდის ტემპი 6.6%-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით აღნიშნული ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა 46 ათასი აბონენტით გაიზარდა და 996 ათასს გაუტოლდა. საგულისხმოა, რომ 2023 წელს, მხოლოდ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 2022 წელთან შედარებით, რისი მიზეზიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ინტერნეტმომსახურების ქსელის განვითარება და, შესაბამისად, მისი ხელმისაწვდომობის ზრდაა.
აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილი ფიქსირებულ უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიას უჭირავს, რომლის აბონენტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 2 ათასით შემცირდა და 100 ათასი შეადგინა. კლებადია ფიქსირებული LTE და xDSL ტექნოლოგიების ტენდენციაც, რომელთა აბონენტების რაოდენობამაც 2 და 3 ათასით დაიკლეს და 4 ათასი და 15 ათასი შეადგინეს. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია აბონენტებს სთავაზობს უფრო სწრაფ ინტერნეტს, უფრო დიდ გამტარობასა და დაბალ დაყოვნებას, შესაბამისად, ავტორიზებული პირები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ მოძველებული და შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით ჩაანაცვლონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლიდან საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა Starlink-ის მაღალი სიჩქარის სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტი. ეს ტექნოლოგია კი განსაკუთრებით საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში და იმ დასახლებებშია, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. დღეის მონაცემებით, Starlink-ს საქართველოში 24 იურიდიული და 467 ფიზიკური პირი აბონენტი ჰყავს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.