2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, მათგან სამ-მეოთხედზე მეტი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.
მათ უმრავლესობას პალესტინელი ჟურნალისტები შეადგენენ, რომლებიც ღაზის სექტორზე ისრაელის ავიადარტყმებს ემსხვერპლნენ. შესაბამის მონაცემებს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტს სამი დღის განმავლობაში იმაზე მეტი ჟურნალისტი ემსხვერპლა, რაც ოდესმე დაღუპულა რომელიმე ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში. დაღუპულთა შორის ასევე სამი ლიბანელი და ორი ისრაელელი ჟურნალისტია.
ომში რეპორტიორთა გარდაცვალების გამოძიება განსაკუთრებით რთულია მოკლე დროში მსხვერპლთა დიდი რაოდენობის და იმის გამო, რომ მრავალი ჟურნალისტის ოჯახის წევრები მათთან ერთად დაიღუპნენ, ხოლო მათი კოლეგები ასევე დაიღუპნენ და საომარ მოქმედებებს გამოექცნენ.
მსოფლიოში დაღუპული ჟურნალისტების 2023 წლის მაჩვენებელია ყველაზე მაღალია 2015 წლის შემდეგ და 44%-ით გაზრდილია წინა წლის მაჩვენებელთა შედარებით. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ცნობით, 78 გარდაცვალების შემთხვევა ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, რვასთან დაკავშირებით კი გამოძიება გრძელდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ თუკი ისრაელში, ღაზასა და ლიბანში ჟურნალისტთა გარდაცვალების შემთხვევებს არ ჩავთვლით, გლობალური მასშტაბით, მედიის თანამშრომელთა გარდაცვალების შემთხვევები, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტის საქმიანობა გახდა უფრო უსაფრთხო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. კომიტეტის მონაცემებით, 2023 წელს დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობა კვლავ ახლოა გასულ წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან.