jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების განვითარება კვლავ მკვეთრად მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

აბონენტების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, 70.6 ათასით გაიზარდა და 1.08 მილიონი შეადგინა, საიდანაც მომხმარებლების 95.2 პროცენტი ფიზიკური პირია. ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 497 ათასი „მაგთიკომს“ ჰყავს, 308 ათასი – „სილქნეტს“, ხოლო „ახალი ჯგუფის ქსელებს“, ისევე როგორც „სქაიტელს“ – 60 ათასი. 104 ათასი აბონენტი კი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.

2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების პენეტრაცია 92.7 პროცენტს შეადგენდა და სიმკვრივის ყველაზე დიდი მაჩვენებელი – 132 პროცენტი – თბილისშია დაფიქსირებული. შემდეგია აჭარა 126 პროცენტით, სამცხე-ჯავახეთი – 95 პროცენტით, ქვემო ქართლი – 82 პროცენტით, ხოლო მცხეთა-მთიანეთი – 80 პროცენტით. 72 პროცენტს შეადგენს შიდა ქართლის ინტერნეტმომსახურების სიმკვრივის მაჩვენებელი, 67 პროცენტს – კახეთის, 65 პროცენტს – იმერეთის, სამეგრელო ზემო-სვანეთისთვის კი ეს მაჩვენებელი 61 პროცენტია. 55-პროცენტიანი სიმკვრივის მაჩვენებელი აქვს გურიას, ხოლო რეგიონებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება, რომელიც 20 პროცენტს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში, ხოლო რაც შეეხება სოფლებს, ქვეყანაში არსებული 3 385 სოფლიდან – 2 510-შია ხელმისაწვდომი. იმ სოფლებისთვის კი, სადაც არ არის ფიქსირებული ინტერნეტი, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ხორციელდება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის 1 000-მდე სოფელს და 500 000 მოქალაქეს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და სხვადასხვა ციფრული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.

226