სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15 732).
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.2 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.2 პროცენტს.
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 796.2 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 932.4 ათასი. წინა წელთან შედარებით კაცების და ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით გაიზარდა. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
წინა წელთან შედარებით, 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 ერთეულით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი.
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.
2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89 996 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.8 პროცენტი და ემიგრანტების 86.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.