დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეს იმედი აქვს, რომ 2-3 კვირაში, თუ ეპიდსიტუაციის მხრივ გარკვეული სტაბილიზაცია მიიღწევა, გარკვეული რეგულაციები კიდევ შემსუბუქდება.
ასე უპასუხა იმნაძემ კითხვას, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას შეეხებოდა.
"ყველას გვესმის, რატომ არის კომენდანტის საათი დაწესებული. იმისთვის, რომ შეიზღუდოს ერთმანეთთან ურთიერთობა, მთავარია, მობილობის შემცირება, რომ მე არ წავიდე საღამოს ქალაქის მეორე უბანში, თორემ მეზობელთან ისედაც გადავალ და ვიქეიფებ. სამეზობლოში დიდი ქეიფები მთელი ეს პერიოდი მიდიოდა და ამას ვერავინ გააკონტროლებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, "21:00 საათიდან "კომენდანტის საათის" დაწესება მობილობას 1/3-ით აგდებდა".
"ახლანდელი გადაადგილების შეზღუდვის დრო ნაკლებად აგდებს მობილობას, მაგრამ ამასაც აქვს თავისი აზრი. დღეს ინდოეთზე წინ ვართ ავადობით 100 ათას მოსახლეზე. დღეს უფრო მაღალი ავადობა გვაქვს, ვიდრე ინდოეთში და ეს იმ ფონზე, რომ შემსუბუქებები შევიდა. მეც ძალიან მინდა შეზღუდვები მოიხსნას, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზე. რაც უფრო მეტად შევიდა გაზაფხული ძალაში და დათბა, მით უფრო გაჭირდება პირბადის ტარების წესის დაცვა გარე სივრცეში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, "პირბადის ტარება და "კომენდანტის საათი" არის მეტ-ნაკლებად დაცვის საშუალება, რათა ინფექცია ძალიან არ გაღვივდეს.