ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები. ეს და სხვა ცვლილებები, რომლებიც 19 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, მთავრობის №322 დადგენილებაში შევიდა.
ამასთან, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
15 ივლისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, მთავრობას მოუწევს, კვლავ ისაუბროს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე.
ის აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდია, ეპიდვითარება გაუარესდა და ყოველდღიურად 1000 ახალ შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, „რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექცია ვრცელდება და აქტიურად თუ არ ჩავერიეთ, კიდევ უფრო გავრცელდება“.
„პირველივე დღიდან ვსაუბრობთ, რომ არის რეგულაცია, არის მოთხოვნა და შეზღუდვები, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია. შესაბამისად, მოქალაქეების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია.
მე მესმის, ახლა ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, იქ გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე ცოტა არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს იქ და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა.
ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი, რომ თუნდაც ბანაკები ბავშვების…“, - განაცხადა მან.
საქართველოში 30 ივნისიდან კომენდანტის საათი მოხსნეს, ასევე შემსუბუქდა თითქმის ყველა შეზღუდვა.