საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 19-22 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა, ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტები და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესები იქნება.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასა და მათი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ასამბლეას სიტყვით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე მიმართავს. სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანთან, ანდრეას კიფერთან, ასევე, ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირებთან.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ საგაზაფხულო სესიას სიტყვით მიმართავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავით სასოლი, მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი, ასევე იქნება დებატები, იქნება როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ასევე ადამიანის უფლებათა კომისრის დუნია მიატოვიჩის სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც, ვგეგმავთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ მის ვიზიტზე წლის განმავლობაში საქართველოში და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ",- განაცხადა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: კახა კუჭავა, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი მიიღებენ.