janmedi
ავერსი ნემო

2026 წლის 10 თვეში „თბილისი ენერჯიმ“ დედაქალაქის მასშტაბით გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევის 15 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინა. 

კერძოდ, Bm.ge-სთვის მოწოდებულ სტატისტიკაში ასახულია, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიის სპეციალისტებმა სულ 274 777 აბონენტი შეამოწმეს და უსაფრთხოების წესების 15 324 დარღვევა გამოავლინეს.

სად არღვევენ წესებს ყველაზე ხშირად?

დარღვევების რაოდენობით დედაქალაქის უბნებს შორის პირველ ადგილზე ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონია, ყველაზე ნაკლები დარღვევა კი ვაკე-წყნეთის ტერიტორიაზე აღირიცხა:

  1. ჩუღურეთი – ნაძალადევი: 3 255 დარღვევა
  2. სამგორი – ვარკეთილი: 2 781 დარღვევა
  3. გლდანი – სანზონა: 2 140 დარღვევა
  4. ისანი – ვაზისუბანი: 1 895 დარღვევა
  5. მთაწმინდა – კრწანისი: 1 589 დარღვევა
  6. საბურთალო – ნუცუბიძე: 1 385 დარღვევა
  7. დიდუბე – დიღომი: 1 220 დარღვევა
  8. ვაკე – წყნეთი: 1 059 დარღვევა

გაზის დანადგარების არასწორ მონტაჟსა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას მძიმე შედეგები მოჰყვა:

  • ბუნებრივი აირის არასწორად მოხმარების შედეგად მხუთავი აირით (CO-თი) ინტოქსიკაცია 32-მა ადამიანმა მიიღო;
  • აფეთქებისა და CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, არ გამოიყენოს თვითნებურად დამონტაჟებული ან კუსტარული გამათბობლები/წყალგამაცხელებლები და კომპანიის სპეციალისტებს საცხოვრებელ ფართებში უსაფრთხოების სისტემატური შემოწმების საშუალება მისცეს.

გაზის სუნის ან გაჟონვის შემჩნევისას, ასევე სხვა საავარიო შემთხვევებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 114. ზარის განხორციელება და მომსახურება სრულიად უფასოა.

წყარო: BM.GE

95