როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, იძულებული ვართ, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება თქვენი მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხელახლა შემოიღოს და მსვლელობა მისცეს რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონს, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნეს.
წერილში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს ღრმა და მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, მის ხალხთან და დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების უფლებას.
წერილის მიხედვით, აშშ ასევე აღიარებს, რომ საქართველო კვლავ რუსეთისგან გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა ფართო მავნე გავლენა, დეზინფორმაციული კამპანიები ეროვნული არჩევნების წინ და მიმდინარე ჰიბრიდული ომი.
„თუმცა, ჩვენ სულ უფრო მეტად ვწუხვართ, რომ საქართველოს ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს აქტიურად უთხრიან ძირს. კონკრეტულად, იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა პარტიამ ეს კანონმდებლობა პარლამენტში ხელახლა შემოიღო მარტში, ერთი წლის შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა კანონმდებლობა მასშტაბური პროტესტის საპასუხოდ. ეს კანონმდებლობა სამიზნეში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო სისხლძარღვს და, როგორც ჩანს, მიმართულია შეერთებული შტატებისა და ევროპის დახმარებაზე, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გადასვლის მხარდასაჭერად 1991 წლის, საბჭოთა კავშირიდან მისი გამოყოფის შემდეგ. კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების 79 პროცენტი მუდმივად უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. ეს მხარდაჭერა საქართველოს კონსტიტუციაშია აღბეჭდილი და ათწლეულების მანძილზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიზანი იყო. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და გავლენას მოახდენს თქვენი ქვეყნის წევრობის გზაზე.
ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა შემოღებული უცხოელი აგენტების კანონი არ ასახავს აშშ-ის არცერთ კანონს და გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების წინსვლაში. როგორც მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება, იყოს არასასიამოვნო ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, უთანხმოება და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას უფრო ძლიერს და მდგრადს ხდის. ეს კანონმდებლობა თუ ამოქმედდება, მას შეუძლია, გაუგზავნოს ძლიერი გზავნილი ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირის წევრობის დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უძლიერეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, მავნე აქტორებად აქცევს. ასეთი ცვლილება მოითხოვს აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას საქართველოს მიმართ და საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობის ასახვას“, – აღნიშნულია წერილში.
სენატორების წერილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან.
„ეს კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, ჩვენ იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ან მის ევროატლანტიკური ტრაექტორიის შეფერხებას, გადაიხედება აშშ-ის პირდაპირი ფინანსური დახმარება და განიხილება სავიზო შეზღუდვის გაფართოება შეერთებულ შტატებში“, – ვკითხულობთ წერილში.
სენატორების წერენ, რომ არასდროს იქნება მიტოვებული ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები.
„აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს, შეერთებული შტატები მზადაა, განავითაროს უფრო ღრმა კავშირები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და დასავლურ ინტეგრაციას, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება, ვიდრე ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, ბენ კარდინი, ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, რიჩარდ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, ტომ ტილისი, ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ უაითჰაუსი და მარტინ ჰაინრიხი.