ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, - ამ ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტის კომუნიკაციების ჯგუფი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიტანას ნაუსედა და პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10-12 ივნისს ეწვევიან.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მხარდაჭერაა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება - საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე , კახაბერ კუჭავას.
ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს პრეზიდენტის შეხვედრას ადგილობრივ ლიეტუველ თემთან და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტი და მისი მეუღლე ასევე შეხვდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოინახულებს.
პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში ანტანას ვილკუტაიტის-კეთურაკისის ძეგლის გახსნის ცერემონიალსა და წიგნის პრეზენტაციას დაესწრება.