ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ვაქცინაციისთვის 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში დეპუტატების წინაშე ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს წარადგენს.
„დღეის მდგომარეობით, ვაქცინაციისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული 150 მლნ ლარზე მეტი, რაც სრულად ფარავს იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 60%-იანი მოცვა. საუბარია დაახლოებით 3.8 მლნ დოზის შეძენასა და გრანტად გადმოცემულ ნაწილში არის დამატებითი დოზები, რაც სრულად ყოფნის ჩვენი მოსახლეობის 60%-ის აცრას.
დღეისთვის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, აკეთოს დღეში 20 ათასამდე აცრა, ანუ სრულყოფილი მზადყოფნაა, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური. მთავარია ჩვენი მოქალაქეების სურვილი და ჩართულობა, რომ მივაღწიოთ 60%-იან მოცვას. ეს კი მოგვცემს გარანტიას, რომ დამატებითი რისკები იქნება ძალიან მცირე, აღარ იქნება საჭირო მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის აღდგენას შეუშლის ხელს და ჩვენს ფისკალურ პარამეტრებზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.