საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია სამიზნე 3%-ს უნდა დაუახლოვდეს, თუმცა იქამდე წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სებ-მა დღეს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე შეინარჩუნა.
ეროვნული ბანკი საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სექტემბერში 11.5%-მდე გაზრდილი ინფლაციის ფონზე, გამკაცრებული რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 30 მარტს გაზარდა.
"სხვა თანაბარ პირობებში, წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და, სამომავლოდ, მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება.
მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.