სახალხო დამცველი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პარტიებს, რომლებიც არ აითვისებენ მათთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს, არ მიეცემათ საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, ასეთ პარტიებს აღარ გამოეყოფათ უფასო საეთერო დრო წინასაარჩევნო პერიოდში.
“საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის ძირითად უფლებებს მიაკუთვნებს გაერთიანების თავისუფლებასა (22-ე მუხლი) და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებას (23-ე მუხლი). კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. პოლიტიკური პარტია იურიდიული პირია, კონსტიტუციით დაცული სუბიექტია, სარგებლობს კონსტიტუციაში მითითებული უფლებებითა და თავისუფლებებით, რომელთა დაცვაც სახალხო დამცველის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა”, - განმარტავს ომბუდსმენი.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველს უკვე შეფასებული აქვს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების ჭრილში. კერძოდ, 2008 წლის I ნახევრის ანგარიშში, მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც ახლა “ქართული ოცნების” წევრია, მიიჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას და კანონში შეტანილ შესაბამის ცვლილებას პარტიების მიმართ გამოყენებულ სანქციად აფასებდა.
სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული შეფასებები დღესაც აქტუალურია.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მოქმედი კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისათვის თანხის გამოყოფის მიზანს.
“კერძოდ, ესაა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა და პარტიული სისტემის განვითარება. ბუნებრივია, პარტიები საქმიანობას პარლამენტს მიღმაც ახორციელებენ. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების არსებობის ერთ-ერთი მიზანია ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების უშუალო მიზანი არ არის პარტიების საპარლამენტო საქმიანობის მხარდაჭერა. ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ხარჯები, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გათვალისწინებულია კონკრეტულად საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით და ბუნებრივია, რომ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებით პარტიები სწორედ პარლამენტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფინანსურ რესურსსა და პრივილეგიებზე ამბობენ უარს (ხელფასები, ფრაქციებისათვის გამოყოფილი თანხები და სხვა)”, - განმარტვას ომბუდსმენი.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, პარტიების ამ გადაწყვეტილების შედეგების დამატებით გავრცელება მათ მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე აცდენილია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის მიზნებს და მთელ რიგ უფლებრივ გარანტიებთან მოდის წინააღმდეგობაში.
ომბუდსმენის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თავისუფლებასთან ერთად მათ საკუთრების უფლებასაც ზღუდავს.
“მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა – მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო. ევროსასამართლოს განმარტებით, „საკუთრება“ მოიცავს მოთხოვნებსაც, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ლეგიტიმურ მოლოდინს მათი შესრულების თაობაზე.
ინიცირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ოპოზიციური პარტიებისათვის, რაც საკუთრების შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული. იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც”, — აღნიშნავს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან თუ უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებული რეგულაციები პარტიებს შორის იყოს შეთანხმებული და არ იყოს მხოლოდ ერთი სუბიექტის მიერ ექსკლუზიურად განსაზღვრული.
“სწორედ საარჩევნო რეფორმის ინკლუზიურად განხორციელება იყო კიდეც ეუთო/ოდირის უპირველესი რეკომენდაცია, რომლის შესასრულებლადაც პარტიებს შორის დიალოგის საფუძველზე მიმდინარე წლის ივლისში საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, მათ შორის პარტიების დაფინანსების ნაწილში. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ნორმა, რომლის ერთგვარი რევიზიაც არის დაგეგმილი, სულ რამდენიმე დღის წინ, 4 დეკემბრიდან ამოქმედდა”, - აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 2008 წელს პარტიებისათვის, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა.