18 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი” და "სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 53 010 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 546 510 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქე მ.ტ.- სანქციის სახით, 14 729.4 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდა, ხოლო 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.