რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 8%-დან 7.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მონეტარულმა კომიტეტმა განაკვეთი 9.5%-დან პირდაპირ 20%-იან ნიშნულამდე გაზარდა. რუბლის გამყარების ფონზე კი, ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შემსუბუქების სტრატეგიაზე გადაერთო.
ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთის ეკონომიკა „გამოწვევების“ წინაშეა, თუმცა ინფლაციის ტემპი შენელებულია, ეროვნული ვალუტა - გამყარებული, რაც, საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საშუალებას იძლევა.
სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ თვეს რუსეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 14.3% შეადგინა, რაც სამიზნე 4%-იან ნიშნულზე გაცილებით მაღალია, თუმცა აპრილში დაფიქსირებულ ინფლაციის 18 პროცენტს 3.7 პპ-ით ჩამოუვარდება.
ცენტრალური ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის 12%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. 2023 წლისთვის კი 5.0 – 7.0%-იანი ინფლაციაა ნავარაუდევი.