საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ლარის კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება მაისის თვიდან დაიწყო და ტენდენციას ინარჩუნებს. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„ლარის კურსი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. თქვენ იცით, რომ დაახლოებით მაისის თვიდან ლარმა მნიშვნელოვანი გამყარება დაიწყო და ეს გამყარება გრძელდება. ყოველთვის, როცა შემცირების ან ზრდის მიმართულებით მკვეთრი ცვლილება ხდება, ბუნებრივია, ამას დროის მცირე მონაკვეთში გარკვეული რყევები მოჰყვება. ყოველთვის ასე იყო და არა მხოლოდ საქართველოში. შესაბამისად, როდესაც ბოლო დღეებში ლარის კურსის მნიშვნელოვანი გამყარება მოხდა, ბუნებრივია, ლარის კურსმა იპოვა ახალი წონასწორობის წერტილი იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც არის ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება სტაბილური მდგომარეობა, მით უმეტეს როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მიმდინარე წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. ყველა ის პარამეტრი, რომელიც ლარის კურსზე და ეკონომიკურ ზრდაზე მიანიშნებს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.