ლარის კურსმა წონასწორობის ახალი წერტილი იპოვა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ლარის კურსი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. დაახლოებით მაისიდან ლარმა დაიწყო გამყარება და ეს გამყარება გრძელდება. ყოველთვის, როცა ხდება მკვეთრი ცვლილება, ზრდის ან შემცირების მიმართულებით, ამას მოყვება რყევები დროის მცირე მონაკვეთში. ყოველთვის ასე იყო და არა მხოლოდ საქართველოშია ასე. ბოლო დღეებში, როცა საქართველოში მნიშვნელოვნად გამყარდა ლარი, ბუნებრივია, ლარმა იპოვა ახალი წონასწორობის წერტილი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც არის ქვეყანაში და ამ მიმართულებით მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება უფრო სტაბილური მდგომარეობა.
მით უმეტეს ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში იქნება 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველა ის პარამეტრი, რომელიც ლარის კურსსა და ეკონომიკურ ზრდაზე მიანიშნებს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ტურიზმის ნაწილში არ გვქონდა მოლოდინი, რომ იანვარში 70%-ს მიაღწევდა აღდგენა, 2019 წელთან მიმართებაში. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საქართველოში ეკონომიკური ზრდის. მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად იზრდება ექსპორტი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე გადმორიცხვები, რომელიც ასევე იზრდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს უმაღლეს საკანონმდევლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.