პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა, კენჭისყრაზე დღეს დადგა. ფინანსური დოკუმენტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი გაზრდილია 336,2 მლნ ლარით და 19 362,6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 6.0%-ს შეადგენს, ხოლო 2022-2025 წლებში საშუალოდ 5,5%-ს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2022 წელს პროგნოზირებულია 4,5%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 15 558.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 147.0 მლნ ლარის ოდენობით.
მშპ-სთან მიმართებაში 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 24.0%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებულია 23.8%-ის ფარგლებში.
2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობა ჯამში დაგეგმილია 14.8 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 22.8%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში მიმდინარე ხარჯებს კლებადი ტენდენცია აქვს და 2025 წელს მშპ-ს 22.0%-ის ფარგლებში ჩამოდის.
2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 51.1%-ით.
რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების დაფინანსების მოცულობას: -
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 10.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 6 027.3 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან გათანაბრება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 25.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 1 684.8 მლნ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 1.0 მლნ ლარით. უწყების მთლიანი დაფინანსება კი, 357.8 მლნ ლარს შეადგენს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 155.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 932.4 მლნ ლარია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 5.0 მლნ ლარით იზრდება. სამინისტროს მთლიანი დაფინანსება 2 895.0 მლნ ლარს შეადგენს.
იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 15.0 მლნ ლარით, (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 310.6 მლნ ლარს) მიწის რეგისტრაციის განსახორციელებლად დამატებით საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად.
თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 40.0 მლნ ლარით. უწყების მთლიანი დაფინანსება 1 002.4 მლნ ლარს შეადგენს.
უზენაესი სასამართლოს ასიგნება 400.0 ათასი ლარით გაიზარდა (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 14.4 მლნ ლარს), შრომის ანაზღაურების სრულყოფილად დასაფინანსებლად.
პროკურატურის ასიგნება გაზრდილია 2,6 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 47.9 მლნ ლარს), შრომის ანაზღაურების და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნით.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასიგნება გაზრდილია 1.9 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 67.2 მლნ ლარს).
მთავრობის ადმინისტრაციის ასიგნება გაიზარდა 2.0 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 19.2 მლნ ლარს) მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად;
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ასიგნება გაზრდილია 3.0 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 10 მლნ ლარს), დამატებით საჭირო მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, ასევე შრომის ანაზღაურების 10%-იანი ზრდის დასაფინანსებლად.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება გაზრდილია 500.0 ათასი ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 9.5 მლნ ლარს) სხვადასხვა სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ასიგნება ჯამურად გაზრდილია 620.0 ათასი ლარით, შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით.