ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გეგმა და პროგნოზები, რომელიც ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს გააჩნია, რეალობას შეესაბამება.
„ინფლაციის მიმართულებით ეს იყო პირველი თვე, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელმა ჯამურად შემცირება დაიწყო. ჩვენი მოლოდინია ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში უკვე შემცირების მიმართულებით იქნება წარმოდგენილი. ის გეგმა, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს გაცხადებული და ასევე პროგნოზები, რეალობას შეესაბამება, ეს შემცირება სწორედ ამის დასტურია.
მომდევნო წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას და მომდევნო წლის ბოლოსკენ დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს. მინდა შეგახსენოთ, რომ ინფლაცია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში პრობლემაა. მთელი 10-20 წლის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია აშშ-ში, ევროპაშიც და ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ეს არის ერთგვარი გვერდითი ეფექტი ეკონომიკაში, რაც კოვიდთან დაკავშირებული პრობლემებით არის გამოწვეული. მოლოდინი იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება, რა თქმა უნდა, არსებობს. ინფლაცია გარკვეულწილად საგარეო ფაქტორებიდანაც გადმოეცემა ქვეყანას, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ის პროგნოზები, რაც არის გაკეთებული ინფლაციის შემცირებასთან მიმართებით, რეალურად სრულდება",-განაცხადა ხუციშვილმა.