საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით დღეს მედიის მხრიდან დასმული შეკითხვების საპასუხოდ. მისი თქმით, წელიწადზე მეტია, ვრცელდება ყალბი ინფორმაციები და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშრებით, თუმცა არ დადებულა სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.
„სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენ ნახავდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ათობით განცხადებას იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით და ვიტყოდი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაჟღერდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა. არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამავე დროს, ჩვენ მოსმენილი გვაქვს, როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი შემთხვევა საქართველოში, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო - არ მომხდარა. პარალელურად, შეგვიძლია გადავხედოთ გასული ერთი წლის განმავლობაში პერიოდს და ვნახოთ 50-70-ზე მეტი განცხადება, რომლის გავრცელებაც მოგვიწია. სამწუხაროა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ, პრაქტიკულად არცერთხელ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებასთან, ვინც სანქციების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი სავაჭრო ნაწილში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, უწყება გახსნილია და ყველა დაინტერსებულ პირს ნებისმიერ ოპერაციასა და ტრანზაქციაზე შეუძლია მიიღოს ახსნა-განმარტება შესაბამისი კონფედენციალური პირობების დაცვით.
„ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა არსებობდეს უფრო მეტი ყურადღება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და საქართველოს გავლით რუსეთს სახმელეთო საზღვარი აკავშირებს კიდევ ორ ქვეყანასთან. თუმცა, ის ქმედებები, რომელიც საქართველომ გადადგა ამ მიმართულებით არ ტოვებს არცერთი შეკითხვის შესაძლებლობას. გასაგებია თეორიული მსჯელობები ამა თუ იმ თემაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია ის მექანიზმები და პრაქტიკული აღსრულება, რაც ფიზიკურად ხორციელდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს, ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან.