2020 წელს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მთავრობის ვალის ნაშთი 1.84 მილიარდი ლარით გაზარდა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში არის საუბარი. დოკუმენტის თანახმად, წელს ვალის მოცულობის ზრდას ახალი საგარეო და საშინაო კრედიტების აღებასთან ერთად ლარის კურსის გაუფასურებაც განაპირობებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში ბიუჯეტის 8 თვის შესრულების მაჩვენებლებს ასახავს. მისი მიხედვით, გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ვალის ზრდის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.
“2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 26.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 5.7 მლრდ ლარით აღემატება. აღნიშნული ზრდა უმეტესწილად დაკავშირებულია ახალი სესხების აღებასთან18 . მთავრობის ვალის ნაშთი კი 5.6 მლრდ ლარით არის გაზრდილი და 25.5 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნული ზრდაც ასევე ძირითადად ახალი სესხების აღებითაა გამოწვეული. კერძოდ, მთავრობის ვალის ნაშთის ზრდაში ახალი სესხების აღების ეფექტი 67.1%-ს, ხოლო ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტი 32.9%-ს შეადგენს", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს დამატებით 5.27 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო კრედიტების აღებას გეგმავს, რის შედეგადაც ვალის ფარდობა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. იმ შემთხვევაში თუ გაცვლითი კურსის გაუფასურება მომდევნო წელსაც გაგრძელდება, მაშინ ვალის ნიშნულმა შეიძლება მშპ-ს 63%-65%-ს მიაღწიოს.
2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 13.6%-ით, ევროსთან მიმართებით კი 19%-ით გაუფასურდა. სწორედ ამ ორ ვალუტაში არის ნომინირებული საქართველოს საგარეო სესხების უდიდესი ნაწილი.